გამოქვეყნებული სტატიები


   საბჭოეთის რღვევის შემდეგ, საქართველო აღმოჩნდა სრულ სიბნელეში. ეკონომიკური და სოციალური პრობლემების შედეგები მოგვიანებით აისახა მოსახლეობაზე. ურთულესი პრობლემები შეიქმნა საგანმანათლებლო სფეროშიც. თაობა, რომელიც, გარკვეულ მიზეზთა გამო, არ დადიოდა სკოლაში, უმაღლეს სასწავლებლებში ადვილად ირიცხებოდა და ახერხებდა შესაბამისი კვალიფიკაციის დიპლომის აღებას. მოგვიანებით, სასურველი შედეგის  მისაღწევად, საჭირო გახდა მეტი ცოდნისა და უნარების შეძენა-გამოყენება, ამან განაპირობა სწავლა-სწავლების მაღალი დონის გაცემა-მიღების აუცილებლობა. ამისთვის კი თანამედროვე სკოლა მზად არ აღმოჩნდა. საჭირო გახდა შესაბამისი სახელმძღვანელოების შექმნა-დანერგვა და მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო სტანდარტების დონემდე.
   სხვადასხვა საგნისთვის თარგმნეს სახელმძღვანელოები და, მეტ-ნაკლებად, ქართული სინამდვილისა და საჭიროებების გათვალისწინების მიხედვით, პერიოდული კორექტირებით, მოსწავლეები იღებენ ეროვნული სასწავლოგეგმის მიხედვით საერთაშორისო სტანდარტთან მიახლოებულ ცოდნას. ამ კუთხით განსხვავებული ვითარებაა ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებაში.
    არსებული სახელმძღვანელოები არ იძლევა საშუალებას მოსწავლემ სრული, საფუძვლიანი გრამატიკული ცოდნა მიიღოს, მასწავლებელი იძულებულია, თვითონ მოიპოვოს, აარჩიოს, გადაამუშაოს მასალა, დააკვირდეს რამდენად შეესაბამება მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს, რამდენად დაეხმარება დასახული მიზნის მიღწევაში და შემდეგ დაამკვიდროს პრაქტიკაში. მან დამოუკიდებლად უნდა მოამზადოს თვალსაჩინო თუ დამხმარე მასალა, რაც რიგ პრობლემებთანაა დაკავშირებული, მაშინ, როცა უცხო ენების სწავლებისთვის უამრავი დამხმარე მასალა არსებობს.
    სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, მასწავლებლებს ან არ ჰყოფნით კომპეტენცია ეს ყველაფერი განახორციელონ პრაქტიკაში, რასაც, რა თქმა უნდა არავინ კრძალავს, ან ენთუზიაზმი, უფრო ხშირად კი მატერიალური რესურსები და დრო, რომ ზემოთ თქმული განახორციელონ. ეს პრობლემა კი აისახება მასმედიის, მაღალი ეშელონების წარმომადგენლებისა და საერთოდ, მოსახლეობის უმეტესი ნაწილის მიერ გაუმართავ მეტყველებაში, რაც, რა თქმა უნდა, აზრის გაბუნდოვანებას იწვევს.ამიტომ, სასურველია, ამ პრობლემის დროული მოგვარება სათანადო სასკოლო, მრავალფეროვანი დამხმარე წიგნებისა და სახალისო კომპიუტერული თამაშებისა და ტესტების შექმნა, რაც მსურველთათვის ხელმისაწვდომი იქნება. 
     რაც შეეხება ლიტერატურის სწავლებას, მართალია, პერიოდულად იცვლება სახელმძღვანელოების შინაარსი, მაგრამ ის სრულყოფილად  მაინც ვერ იძლევა  სტანდარტით გათვალისწინებულ შედეგზე გასვლის შესაძლებლობას, ამას ადასტურებს ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული შედეგების ანალიზი.
    მნიშვნელოვანია, ისიც, რომ სახელმძღვანელოებში მოცემული მასალა
დაყოფილია თავებად და  ყოველი მომდევნო საკითხი უნდა წარმოადგენდეს კოგნიტური განვითარების უფრო მაღალი საფეხურის შესატყვისს, ვიდერე წინაა. დღევანდელ სინამდვილეში სასურველი იქნებოდა უფრო კარგად ყოფილიყო გათვალისწინებული ეს საკითხი. მაგალითად, მე-9 კლასის ვახტანგ როდონაია, ნინო ნაკუდაშვილი, ავთანდილ არაბული, მარინე ხუციშვილის სახელმძღვანელოში, თავდაპირველად მოცემულია „ავთანდილის ანდერძი“ და ბოლოს „მოსე ზამთარაძის ნაამბობი“.
   მოსწავლეებს კი სასწავლო წლის თავსა და ბოლოში უჭირთ მობილიზება, რაც გამოწვეულია მათი ფიზიოლოგიური და საერთო კლიმატური მდგომარეობით.
ამიტომ სასურველია, წლის ბოლოს იყოს მცირე მოცულობის, სააზროვნო საკიხები თავმოყრილი და არა ვრცელი და რთული, რაც დიდხანს ერთ ადგილზე ყოფნას მოითხოვს. მართალია, მასწავლებელს შეუძლია თავისი შეხედულებების მიხედვით გადაადგილოს მასალა,აქაც დიდი სიფრთხილე და მასწავლებლის პროფესიონალიზმია საჭირო. მაგრამ,დაირღვევა კოგნიტური განვითარების საფეხურობრივი აღმასვლა, თუ ასეთი არსებობს, და არ იქნება გათვალისწინებული მოსწავლეთა მობილობა. მაგალითად, ახალ კლასში მყოფი მოსწავლე, რომელსაც უკვე გავლილი აქვს მოცემული მასალა, ნაკლებ სავარაუდოა დაინტერესდეს გავლილი მასალლით და ან ხელი შეუშალოს საგაკვეთილო პროცესს, ან საერთოდ უინტერესო აღმოჩნდეს ის მისთვის. აქაც მასწავლებლისთვის დამატებითი ბარიერი იქმნება, რომლის წარმატებით გადალახვაც მის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული. არის კიდევ ერთი პრობლემა გასათვალისწინებელი-ქვეყანაში, სხვადასხვა სკოლაში, განსხვავებული სახელმძღვანელოების არსებობა. ეს ბარიერი კი უფრო რთულად გადასალახია მოსწავლე-მასწავლებლისთვის. ამიტომ კვალიფიციური მონიტორინგის არარსებობის გამო, სასურველია, ამდენი რამ არ იყოს მხოლოდ მასწავლებლის კომპეტენციაზდამოკიდებული.


   

 
  
  წარმოდგენილი დიაგრამა მოცემულია რამდენიმე კლასზე დაკვირვების შედეგად და, იმედია,  დაგვეხმარება სასწავლო პროგრამის გაუმჯობესებაში.
  მოსწავლეთა სააზროვნო უნარების განვითარებისთვის აუცილებელია მსოფლიო მწერალთა შედევრების ჩართვა სწავლის პროცესში. მართალია, არის ერთეული მაგალითები,  ზემოთ ნახსენები სახელმძღვანელოს მე-7-მე-8 კლასების მასალებში, მაგრამ ეს არასაკმარისია. ხოლო დანარჩენი კლასების საგაკვეთილო მასალაში კი საერთოდ არაა.  ფაქტია, ლიტერატურულ პარალელებს მოსწავლეთა კოგნიტური განვითარება აჰყავს უფრო მაღალ საფეხურზე და ეხმარება მათ იმის გაცნობიერებაში, რომ ისინი მსოფლიოს ნაწილი არიან და გარკვეული საკითხები, სოციალური, ფსიქო-ფიზიოლოგიური პრობლემები ერთნაირად აღელვებთ სხვა ქვეყნის, ერის წარმომადგენლებსა და, ხშირ შემთხვევაში, განსხვავებულ, მაგრამ საინტერესო გადაწყვეტილებამდე მიდიან.  აქაც მასწავლებელს, შეუძლია მიუთითოს, პირადი, ინდივიდუალური შეხედულებების მიხედვით, საჭირო მასალა, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა მშობელსა და მოსწავლეს ან არ შეუძლია, ან არ ჰგონია, სავალდებულო „დამატებითი მასალის“ მოძიება-სწავლა-სწავლება.
 აქაც საინტერესო იქნებოდა სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინება და ქართული სინამდვილისა და საჭიროებების შესაბამისად მასალების გადამუშავება-დანერგვა.  
    ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა მშობლიური ენის სწავლა-სწავლებაში არის ქართული ენისა და ლიტერატურის პოპულარიზაციაა. სავარაუდოდ, რადგან ქართული ენა მშობლიურია, მოსახლეობას და, შესაბამისად, მოსწავლეებს, მიაჩნიათ, რომ მშობლიური ენა თავისთავად მნიშვნელოვანია და იციან, მასზე ზრუნვას ზედმეტი ძალისხმევა არ სჭირდება. მაგრამ ამგვარი მიდგომა რომ მცდარია, რაელობა ადასტურებს.
    მოსწავლეებს სჭირდებათ გარკვეული სტიმულები, რათა სათანადოდ დააფასონ, გააცნობიერონ მშობლიური ენის სწავლის აუცილებლობა. რადგან საერთასორისო ორგანიზაციები არ არიან დაინტერესებული ამ საკითხით, სხვა დისციპლინებისგან განსხვავებით, როგორებიცაა, მაგალითად, საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებები და უცხოური ენები, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მის პოპულარიზაციაზე.
    წამახალისებელი კონკურსები თუ მოტივაციის ამამაღლებელი სარეკლამო რგოლები და სხვა საშუალებები, მნიშვნელოვნად გაზრდის ამ პრობლემის მოგვარების ალბათობას.
   ზემოთ ჩამოთვლილი მცირე ხარვეზების გარდა, არის სხვა პრობლემებიც, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია.
   სწავლა-სწავლების დაბალი დონის ასამაღლებლად აუცილებელია მასწავლებელთა კომპეტენციის, კვალიფიკაციის განსაზღვრა-ამაღლება წახალისების გზით.
   მასწავლებელთა განვითარების სქემა უნდა იძლეოდეს რეალურ შესაძლებლობას, რომ მოქმედმა მასწავლებლებმა შეძლონ საფეხურიდან საფეხურზე ასვლა, (თანაც
მასწავლებელი უნდა ფასდებოდეს იმისთვის, რომ მან გააუმჯობესოს სწავლებადა არა იმისთვის, რომ დადგინდეს მისი რეიტინგი”.
რენდი ვეინგარტენი, ამერიკის მასწავლებელთა ასოციაციის პრეზიდენტი
 http://www.mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=19&id=528 )  გამოცდილების ურთიერთგაზიარება, სწავლების საკუთარი მეთოდების ანალიზი, განხილვა, შეცვლა, თეორიების პრაქტიკაში დამკვიდრებისა და შესაბამისი დასკვნების გაკეთების გზით.
   სასურველია მიიაძებნოს და შემუშავდეს შესაბამისი სამართლებრივი ნორმა, რომლლის მიხედვითაც მასწავლებლები შეძლებენ კვალიფიკაციის ამაღლებასა და სამსახურებრივი მოვალეობების პირნათლად შესრულებას. ანუ ტრენინგ პროგრამები და სემინარები ჩატარდება არა საგაკვეთილო პროცესის  დამთავრების შემდეგ, როცა აღქმა-ანალიზის უნარი დაქვეითებულია არამედ, თავისუფალ დროს. ხოლო მიღწეულილ შედეგების მონიტორინგი წამახალისებელ აქტივობაზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა დასჯა-გაკიცხვაზე.
   გარდა ზემოთ ჩმოთვლილი საკითხებისა, გასათვალისწინებელია სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობის პრობლემა. მიზეზთა გამო მოსწავლეთა უმრავლესობა მცირე ასაკიდან მშობლების გარეშე, ასაკოვან მეურვეებთან იზრდება, თუმცა, ხშირად, ვერც მშობლებს ძალუძთ ამ პრობლემის მოგვარება. ესაა დღის რეჟიმი. მოზარდების უმრავლესობა დაკავებულია სპორტით, ცეკვით, მუსიკით და რატომღაც, „მოუცლელ“ აღმზრდელებს ურჩევნიათ ბავშვები კერძო მასწავლებელთან ატარონ. ამის გამო კი დანარჩენ საგნებს გვიან ღამით მეცადინეობენ, ან საერთოდ ვეღარ ან აღარ სწავლობენ. ხშირ შემთხვევაში, ამგვარი დღის რეჟიმი მოზარდის გამოფიტვასა და გადაღლას იწვევს, მისი ფიზიკური და მენტალური ზრდაც ფერხდება, რაც აისახება სასწავლო პროცესზე.  ხოლო კერძო მასწავლებელთან მეცადინეობის გამო გაკვეთილზე მასწავლებელს არ უსმენენ. ეს ქმნის ერთგვარ მანკიერ წრეს, რაც, საბოლოოდ, სტუდენტებზეც აისახება, ისინი არ არიან ბავშვობიდანვე მიჩვეული დამოუკიდებლად მუშაობას და ამ უნარ-ჩვევის გამომუშავება ამ ასაკში უკვე რთულია. ამიტომაცაა აუცილებელი ბავშვობიდანვე ვასწავლოთ მოსწავლეებს თვითანალიზი და მეტაგოგნიტური უნარების გამომუშავება.
   ამიტომაც სასურველია, აღმზრდელთა ინფორმირება მასობრივი საშუალებებით, სარეკლამო ვიდეორგოლებით, სადაც ახსნილი იქნება ჯანსაღი ცხოვრების წესის, გონივრული დღის რეჟიმის დაცვის მნიშვნელობა.
   მშობლებთან დაკავშირებით, მასწავლებელთა უმრავლესობა კიდევ ერთ პრობლემას აწყდება, ესაა შეფასება, უკეთ რომ ვთქვათ, სავალდებულო  „მაღალი ქულა“ და არა მაღალი ცოდნა. მენტალური კომპლექსების, რეალობის გაუცნობიერებლობის თუ სხვა პრობლემების გამო, მშობელთა თუ მეურვეთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობისთვის პრიორიტეტულია მაღალი ქულა და არა ცოდნა, რომელიც პრაქტიკულად გამოადგებათ მთელი ცხოვრების განმავლობაში, პირველისგან განსხვავებით.
    აქაც მასმედიის როლი უნდა იყოს გათვალისწინებული და სათანადოდ გამოყენებული, რომ მშობელთა აზროვნების დონემდე მივიტანოთ სათქმელი.
   განათლება უნდა უყოს სახელმწიფოს, ხელისუფლების მუდმივი საზრუნავი. მით უფრო ქარტული ენისა და ლიტერატურის შესწავლა-პოპულარიზაცია, ის ხომ მსოფლიო საგანძურია.


Комментариев нет:

Отправить комментарий